ფონდის ადმინისტრაციის მიმართვა სამეცნიერო საზოგადოებას
15/12/2017 15:03
სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან გაზრდილი ინტერესის საპასუხოდ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო გრანტების კონკურსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს და შეგახსენებთ კონკურსის ფარგლებში დაფინანსების წესს . აქვე მოგახსენებთ, იმ ძირითად პრინციპების შესახებ, რომლითაც ფონდი ხელმძღვანელობს საკონკურსო საპროექტო განაცხადების შეფასების პროცესში:
1. ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსში წარმოდგენილი და შესაფასებლად გაგზავნილი საპროექტო წინადადებების უმრავლესობამ მიიღო მაღალი შეფასება - 337-მა პროექტმა მიიღო 31 და მეტი ქულა (რეგისტრირებული პროექტების რაოდენობის 56 %, ხოლო ტექნიკური ექსპერტიზის შემდგომ დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ შეფასებული პროექტების 82%). კონკურსისათვის წლიური ბიუჯეტით განსაზღვრული ფინანსური რესურსების გათვალისწინებით, დამტკიცდა 86 პროექტი. 2017 წლის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის წარმატების ინდექსი 14.3 %- ს შეადგენს (შემოტანილი იყო 601 პროექტი, გაიმარჯვა - 86-მა). ფონდი მიესალმება წინა წლების გამოცდილებას, როდესაც რიგი პროექტების დაფინანსება განხორციელდა კვლევითი უნივერსიტეტებისა და ცენტრების მიერ საკუთარი რესურსების გამოყენებით. ინსტიტუციებს შეუძლიათ განაგრძონ ეს პრაქტიკა და დააფინანსონ სამეცნიერო-კვლევითი პროექტები, რომელთაც გაიარეს საერთაშორისო ექსპერტიზა, მიიღეს მაღალი ქულები და აღარ ესაჭიროებათ ხარისხის დამატებითი კონტროლი ინსტიტუციის მხრიდან. აღნიშნული პრაქტიკა მიღებული და ფართოდ გავრცელებულია აშშ-ს, კანადასა და ევროკავშირის ქვეყნებში, მათ შორის ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) პროგრამების მიმართ.
2. ფონდი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრაცია არ ერევა კონკურსების საპროექტო წინადადებების შინაარსობრივი შეფასების პროცესში.
3. ფონდი უზრუნველყოფს საპროექტო წინადადებების შეფასებას დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ და მათ ქულებზე დაყრდნობით ადგენს რანჟირებულ სიებს.
4. დამოუკიდებელი ექსპერტის ვინაობა კონფიდენციალურია .
5. დამოუკიდებელ ექსპერტთა შერჩევისა და პროექტების შეფასების დროს გაზიარებულია Global Research Council -ის ფარგლებში საერთაშორისო და ეროვნული სამეცნიერო ფონდების მიერ აღიარებული პრინციპები:
ექსპერტის შერჩევა ( expert assessment ) - პროექტის მიზნის, სპეციფიური ამოცანებისა და აქტივობების, ასევე მეთოდოლოგიის შეფასების შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება;
გამჭვირვალობა (transparency) - ზუსტად გაწერილი წესები, პროცედურები, შეფასების კრიტერიუმები, რომელიც ცნობილია აპლიკანტისათვის, ასევე აპლიკანტისათვის ექსპერტის კომენტარის გაცნობის აუცილებლობა;
მიუკერძოებლობა (impartiality) - შეფასება სამართლიანად, პატიოსნად, კეთილსინდისიერად, მიუკერძოებლად, ინტერესთა კონფლიქტის (ფინანსური, ინტელექტუალური, პირადი და ორგანიზაციული) გამორიცხვით;
ადეკვატურობა ( appropriateness) - ექსპერტიზის განხორციელება კონკურსის მიზნის, პირობების, ბიუჯეტის გათვალისწინებით;
კონფიდენციალობა ( confidentiality) - მონაცემთა, ინტელექტუალური საკუთრების და ვინაობის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება;
ერთიანობისა და კვლევის ეთიკის დაცვა ( integrity and ethical considerations) .
6. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ე.წ. „დიდი გრანტების“ კონკურსების (ფუნდამენტური კვლევები, გამოყენებითი კვლევები, უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით კვლევები, ახალგაზრდა მეცნიერთა/ პოსტ-დოქტორანტების კვლევები) შეფასების პროცესში 2016 წლიდან თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან: CRDF Global- თან და ORAU- თან . აღნიშნული პრაქტიკა ნიშნავს, რომ ამ კონკურსების ფარგლებში შემოსული საპროექტო განაცხადები არ ფასდება ქართველი მეცნიერების მიერ და მხოლოდ საერთაშორისო დარგობრივი ექსპერტები აფასებენ მათ, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც პატარა ქვეყნის სპეციფიკისა და სამეცნიერო საზოგადოებაში ინტერესთა კონფლიქტის მაღალი რისკის არსებობის ფონზე. 2017 წელს ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო გრანტების კონკურსში შემოსული პროექტები გაგზავნილ იყო CRDF Global-თან - აღნიშნული ორგანიზაციის საექსპერტო მომსახურებით სარგებლობენ სხვადასხვა საერთაშორისო და აშშ-ს ეროვნული ორგანიზაციები; CRDF GLOBAL გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი ( crdfglobal.org ). CRDF Global ახორციელებს ინოვაციურ სამეცნიერო და ტექნიკურ გადაწყვეტას ეროვნული პრიორიტეტებით აღიარებულ საბუნებისმეტყველო მეცნიერების, განათლების, ჯანდაცვის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით. ჰყავს კარგად შერჩეული და გამოცდილი დარგობრივი (ქვე-დარგებისა და ვიწრო სპეციალიზაციების მიხედვით) ექსპერტთა ჯგუფი, და ონ-ლაინ ვირტუალური პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ახორციელებს საკონკურსო განაცხადების შეფასებას. სთავაზობს შეფასების მომსახურებას როგორც ფედერალურ, სახელმწიფო, ადგილობრივ და კომერციულ მომხმარებლებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს. გარდა ამისა, CRDF Global-ის პრაქტიკული საქმიანობა შესაბამისობაშია და ეფუძნება სამეცნიერო საგრანტო საქმიანობის საერთაშორისო და აღიარებულ სტანდარტებს. აღნიშნულ ორგანიზაციას საკუთარი საგრანტო კონკურსებიც გააჩნია, რომლებიც წარმატებით ხორციელდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. საპროექტო წინადადებების ექსპერტიზის პროცესში CRDF Global იყენებს არა მხოლოდ ამერიკელ ექსპერტებს. მათ ბაზაში რეგისტრირებულნი არიან საერთაშორისო ექსპერტები, რომელთა რესურსიც გამოყენებული იყო ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსების შეფასების პროცესში.
7. კონკურსში მონაწილე ყველა პროექტის ხელმძღვანელს სამი სამუშაო დღის ვადაში განაცხადში მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე გაეგზავნება დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასებები (ქულები და კომენტარები).
ფონდი წარმატებას უსურვებს 2017 წლის კონკურსის ყველა მონაწილეს და მოუწოდებს მათ 2018 წლის კონკურსებში მონაწილეობისკენ! ფონდი ინტენსიურად განახორციელებს ღია კარის დღეებს 2018 წლის კონკურსების გამოცხადებისთანავე.
სრულად