პრეზენტაცია
14 მაისს საქართველოს ეროვნულ აკადემიაში გაიმართა ფუნდამენტური კვლევების ფარგლებში ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ქართული სოფლის ტრადიციული სამეურნეო კულტურა და განვითარების პერსპექტივები“ (მონოგრაფია) პრეზენტაცია.
კახეთის ტრადიციული სამეურნეო ყოფა ესადაგება რეგიონის გეო-კლიმატურ დარაიონებას და სოფლის მეურნეობის დარგები ბარის, მთისწინა და მთის ზონების თავისებურებათა შესაბამისად იყო და არის განვითარებული.
მე-20 საუკუნის 90-იან წლებში საქართველოში განხორციელებულმა არასწორმა აგრარულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვნად შეაფერხა სოფლის მეურნეობის განვითარება. კახეთის რეგიონში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში მოიშალა სოფლის ინფრასრუქტურა, მწყობრიდან გამოვიდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზები და საირიგაციო სისტემა, გაძვირდა სამეურნეო საქმიანობის წარმოებისთვის საჭირო მასალები და სხვ. ინსტიტუციური რეფორმების 20-წლიანმა პერიოდმა ვერ შექმნა სოფლის განვითარებისათვის ხელსაყრელი სოციალური და ეკონომიკური გარემო.
კახეთის რეგიონში ძირითადად წვრილი და საშუალო ფერმერული მეურნეობებია წარმოდგენილი. შედარებით მცირეა იმ ფერმერთა რიცხვი, ვინც სოფლის მეურნეობას თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით აწარმოებს. რეგიონში სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ფერმერთა კოოპერირება, რაც დღეისათვის ნელი ტემპით მიმდინარეობს, თუმცა, ტენდენცია მზარდია.
სოფლის მეურნეობის წინსვლას სერიოზულად აფერხებს სახელმწიფოს მხრიდან სამეურნეო მიწების განაწილების არასწორი სტრატეგია. ამასთან ერთად, სახეზეა წარმოების ორგანიზაციისა და მართვის დაბალი დონე, მოძველებული ტექნიკა, მოუვლელ-მოუწესრიგებელი სახნავ-საძოვრები, უხარისხო სათესლე პროდუქცია, ვეტერინარულ ღონისძიებათა ეფექტურობის სისუსტე, ვეტერინალური ლაბორატორიების არარსებობა და სხვ. თუმცა, ბოლო წლებში ამ პრობლემათა მოგვარების მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. სოფლის მეურნეობა განიცდის კვალიფიციური კადრების ნაკლებობას, რისი დაძლევის პერსპექტივასაც გარკვეულწილად სახავს რეგიონში არსებული მაღალტექნოლოგიურ დონეზე მოწყობილი სასოფლო სამეურნეო პროფილის პროფესიული კოლეჯების არსებობა.
კახეთს, მისი უნიკალური გეო-კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, აქვს ძალიან კარგი პერსპექტივა გახდეს ბიო-პროდუქციის სერიოზული მწარმოებელი და კონკურენტუნარიანი ექსპორტიორი საზღვარგარეთის ბაზარზე, რისთვისაც პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა.
პროექტის შედეგებს აქვს, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ღირებულება. ის შესაბამისი დარგების (სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის...) თეორეტიკოსებს და პრაქტიკოსებს საჭირო სამეცნიერო ინფორმაციით უზრუნველყოფს და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული გეგმის შესამუშავებლად სახელმწიფო ორგანიზაციებს თეორიულ საფუძველს შეუქმნის, ხოლო კახეთის რეგიონის სამეურნეო პოტენციალის გონივრულად გამოყენება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის გარანტია გახდება.
სრულად