წიგნის პრეზენტაცია “ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა (1921–1941 წწ)”
2016 წლის 11 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყო თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივისა და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) ერთობლივი პროექტის – “ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა გასაბჭოებიდან მეორე მსოფლიო ომამდე (1921–1941 წწ)” ფარგლებში მომზადებული წიგნის - “ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა (1921–1941 წწ)” წარდგინება.
სამწლიანი პროექტი დაფინანსებული იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ (N31/92) და მიზნად ისახავდა ქართული ლიტერატურის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე რთული და წინააღმდეგობრივი
ეტაპის – გასაბჭოებიდან სამამულო ომამდე პერიოდის მეცნიერულ შეფასებას კონკრეტული პოლიტიკური, სოციალური და კულტურული სტრატეგიის ფონზე, უცნობ და ნაკლებად ცნობილ საარქივო მასალებზე დაყრდნობით. ეს იყო
პირველი მეთოდოლოგიური მცდელობა იმისა, რომ სრულიად ახალ რაკურსში გააზრებულიყო ქართული ლიტერატურის ისტორიის ეს მეტად მნიშვნელოვანი პერიოდი – 1921–1941 წლები. პროექტის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა, ერთი მხრივ, შსს არქივში დაცული უცნობი და ნაკლებად ცნობილი დოკუმენტური მასალების გამოვლენა, მეორე მხრივ კი, საარქივო მასალაზე დაყრდნობით საკვლევი პერიოდის ლიტერატურული პროცესების სიღრმისეული ანალიზის ჩატარება. პროექტის განხორციელების შედეგად, პირველად გახდა შესაძლებელი ბოლშევიზმის ინტელექტუალური ტერორის სისტემური და დანაშაულებრივი მექანიზმის აღდგენა, ცალკეულ მწერალთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებების, მათი ინტელექტუალური თუ პიროვნული თავისუფლების შეზღუდვისა თუ ხელყოფის აქამდე უცნობი დეტალების გამოვლენა, რამაც საკვლევი პერიოდის (1921–41 წწ) ქართული მწერლობის სრულიად ახლებური გააზრებისა და ინტერპრეტირების საშუალება მოგვცა.
წიგნი წარადგინა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა, პროექტის სამეცნიერო კონსულტანტმა, პროფესორმა ირმა რატიანმა; პროექტის ხელმძღვანელმა, მაკა ელბაქიძემ და ერთ-ერთმა მონაწილემ, მაია ჯალიაშვილმა ისაუბრეს მუშაობის ხანგრძლივი პროცესის პერიპეტიებზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ხელმძღვანელმა, ომარ თუშურაშვილმა, მადლობა გადაუხადა მეცნიერთა ჯგუფს ასეთი შრომატევადი და, რაც მთავარია, ნაყოფიერი სამუშაოს წარმოებისათვის, რომლის შედეგიც გახდა ძალიან მნიშვნელოვანი გამოცემა.
თავად წიგნის ღირსებებსა და მის როლზე საქართველოს იტორიის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პერიოდის გაცოცხლებისა და შეფასების საქმეში, ისაუბრეს ლიტერატურის ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელმა მანანა კვაჭანტირაძე და ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ თანმაშრომელებმა ლევან ბრეგაძემ, ზაზა აბზიანიძემ.
ღონისძიების განმავლობაში, ეკრანზე ჩანდა აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომზადებული, ამავე სახელწოდების ბლოგზე ატვირთული საარქივო დოკუმენტური მასალა, ფოტოები.
წარდგინებას ესწრებოდნენ იმ რეპრესირებული მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეთა შთამომავალნი, რომელთა შესახებაც საუბარია წიგნში.
სრულად