ნალექების ცვლილების დინამიკა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (საქართველო) კლიმატის ცვლილების ფონზე
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ინდივიდუალური სამოგზაურო საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ლამზირა ლაღიძე იმყოფებოდა მე-2 საერთაშორისო კონფერენციაზე „მეცნიერება, ინჟინერია და გარემო (SEE-Osaka2016), სადაც მან გააკეთა მოხსენება თემაზე: „ნალექების ცვლილების დინამიკა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (საქართველო) კლიმატის ცვლილების ფონზე“. სტატია იბეჭდება რეიტინგულ ჟურნალში.
საქართველო, რთული ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებით (ზღვის დონიდან 0-5068 მ), განიხილება როგორც მთიანი ქვეყნის კლასიკური მაგალითი, მრავალფეროვანი კლიმატური პირობებით. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, გლობალური დათბობის ფონზე, კლიმატის ცვლილება განსაკუთრებული თავისებურებებით ხასიათდება, რაც მნიშვნელოვანია ისეთ რეგიონებში, რომლებიც დათბობისა და აცივების სასაზღვრო ზონაში იმყოფებიან. დადგენილია რომ, ამ ურთიერთსაწინააღმდეგო (დათბობა, აცივება) პროცესების საზღვარი საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ძირითადი მიზეზი რეგიონის კლიმატის ცვლილებისა, კლიმატის გლობალური ცვლილებასთან ერთად, რეგიონის კლიმატური და ოროგრაფიული თავისებურებებითაა გამოწვეული. კლიმატის ცვლილების შეფასებისთვის ამ რეგიონში, ჩატარდა კვლევა ნალექების რაოდენობის ცვლილებების შესახებ (ყოველთვიური და წლიური). კვლევისათვის გამოყენებულია მრავალწლიურ მეტეოროლოგიურ მონაცემთა სტატისტიკური, კლიმატოლოგიური და გრაფიკული ანალიზი. დადგენილია ნალექების წლიური ჯამების ცვლილების დინამიკა 40 წლიანი პერიოდისათვის, შემდეგი მეტეოროლოგიური სადგურებისათვის: ახალქალაქი, წალკა და ფარავნი (1967-2006 წწ), ახალციხე (1971 -2010 წწ).
კვლევის შედეგები საშუალებას იძლევა დასკვნას, რომ კლიმატის ცვლილებების ფონზე, 40 წლიან პერიოდში, ახალქალაქში ნალექების ჯამი გაიზარდა 895 მმ-ით, ფარავანში შემცირდა 1808 მმ-ით, ხოლო ახალციხეში გაიზარდა 167 მმ-ით.
სრულად