old
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/Tengiz%20Urushadze.jpg
20/08/2018 16:00

ნიადაგმცოდნეობის 21-ე მსოფლიო კონგრესი

2018 წლის 16 აგვისტოს, ბრაზილიაში, ქ. რიო-დე-ჟანეიროში  ნიადაგმცოდნეობის 21-ე მსოფლიო კონგრესზე, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი თენგიზ (გიზო) ურუშაძე არჩეულ იქნა მსოფლიო ნიადაგმცოდნეობის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრად, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა საქართველოს ნიადაგმცოდნეობის ისტორიაში.  კონგრესს ესწრებოდა მსოფლიოს 145 ქვეყნის 7 500 დელეგატი. ეს პატივი 1924 წლიდან დღემდე წილად ხვდა სულ 92 ცნობილ მეცნიერს.  ბატონ თენგიზ ურუშაძის კონგრესში მონაწილეობა, განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსში დაფინანსებული  პროექტის  „საქართველოს ნიადაგების წითელი წიგნის შექმნა და  გამოცემა“  ფარგლებში. კონგრესზე წარდგენილი იქნა აღნიშნულ პროექტში მიმდინარე სამეცნიერო კვლევის შედეგები.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/13.jpg
23/07/2018 10:32

„საბჭოური პოლიტიკა და საქართველო ახალ სივრცეში 1921-1991 წლებში“

2018 წლის 20 ივლისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის „საბჭოური პოლიტიკა და საქართველო ახალ სივრცეში 1921-1991 წლებში“ პრეზენტაცია, რომელიც დაფინანსებულია შოთა რუსთაველის  საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. პროექტის ფარგლებში გამოიცა სამი მონოგრაფია. ავტორები: 1. ავთანდილ სონღულაშვილი (პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი) _ საბჭოური პოლიტიკა და საქართველოს ეროვნული უმცირესობა; 2. შოთა ვადაჭკორია (პროექტის ძირითადი შემსრულებელი) _ ქართული ემიგრაცია და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოში (1921-1990); 3. ნატო სონღულაშვილი (პროექტის ძირითადი შემსრულებელი) _ საბჭოთა რეჟიმი და ქართული ეროვნული იდეა (1921-1991). პროექტში სხვადასხვა ეროვნული იდენტობრივი მახასიათებლების საფუძველზე, სხვადასხვა სოციალური ფენების თუ ჯგუფების როლის შეფასების და შესწავლის ფონზე, წარმოდგენილია ქართული გარემო 1921-1991 წლებში. თანამედროვე ეპოქამ მრავალი საკითხის, პრობლემის ახლებური გადააზრება დააყენა დღის წესრიგში. წარსულის, ისტორიის საფუძვლიანი შეფასებისთვის მოვლენათა კომპლექსური ანალიზია საჭირო. საბჭოთა სისტემა და მის სივრცეში მყოფი საქართველოს საკითხი კი ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემათა რიგს მიეკუთვნება. ყოველ ეპოქას თავის გამოწვევა და ტენდენცია გააჩნია. წლების, საუკუნეების მანძილზე იცვლება და ყალიბდება ახალი იდეოლოგიები. იცვლება ისტორიული მოვლენებისადმი დამოკიდებულება, შესწავლა-შეფასების სტილი. დღევანდელი ისტორიული მეცნიერების გამოწვევა არა მხოლოდ კონკრეტული საკითხების კვლევა, არამედ სხვადასხვა სახის წყაროთა ბაზაში დაცული ინფორმაციის შეჯერების საფუძველზე მოვლენათა კომპლექსური შესწავლაა. საბჭოური პოლიტიკის შეფასება და ამ ახალ განზომილებაში საქართველოს ადგილის განსაზღვრა მხოლოდ ისტორიის გაბმული თხრობა არაა, არამედ ძირითადი, კონკრეტული და მასშტაბური მოვლენების გამოვლენა და ანალიზი. 1921-1991 წლებში განვითარებული მოვლენები, მათი ცალკეული მხარეები არაერთხელ გამხდარა მეცნიერთა შესწავლის ობიექტი და საკმაოდ მრავალრიცხოვანი სპეციალური ლიტერატურა არსებობს, თუმცა დრო გარკვეულ რედაქტირებას უკეთებს სამეცნიერო ლიტერატურას, იცვლება საკითხისადმი მიდგომა, პრობლემათა შესწავლა-შეფასების ტენდენციები და გარკვეულ ეტაპზე საჭიროება მოითხოვს ისტორიის გადააზრებას და დროის ლაბირინთებში მიმალული ფაქტების სააშკარაოზე გამოტანას. პროექტში გაანალიზებულია თუ როგორ ხვდება ახალ სივრცეში შესვლას სხვადასხვა სოციალური ფენა თუ ჯგუფი, ეროვნული და რელიგიური უმცირესობა. რა ფორმით გამოიხატებოდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პროცესი და როგორ პასუხობდა საქართველო მის წინაშე დამდგარ ახალ გამოწვევებს. გამოცემულ ნაშრომებში დოკუმენტური წყაროების, საარქივო მასალის, რომელთა დიდი ნაწილი პირველად შემოდის სამეცნიერო ბრუნვაში, მდიდარი სამეცნიერო ლიტერატურის გათვალისწინებით შესწავლილია საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდის _ საბჭოთა რეჟიმის ცალკეული საკითხები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/1212_1.jpg
02/07/2018 14:51

„ტაო-კლარჯეთის მწიგნობრული მემკვიდრეობა“

2018 წლის  28 ივნისს ,საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში,  გაიმართა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია: „ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა“, სადაც   წარმოდგენილი იყო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანასებული საგრანტო ნაშრომის „ ტაო - კლარჯეთის მწიგნობრული მემკვიდრეობა“ პრეზენტაცია. საგრანტო პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი გახლავთ: მზია სურგულაძე, მონაწილენი: ნესტან ჩხიკვაძე, მაია კარანაძე, ლელა შათირიშვილი, ნიკოლოზ ჟღენტი, ეთერ ედიშერაშვილი. ნაშრომის წარდგენის დროს, მომხსენებელმა აუდიტორიას გააცნო სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებული პირობითი სახელწოდების – ტაო-კლარჯეთი –ფართო ისტორიულ-გეოგრაფიული კონტექსტი და ამ რეგიონიდან ჩვენამდე მოღწეული ტექსტების (მწიგნობრული მემკვიდრეობის) სრული შინაარსობრივი სპექტრი. ტაოკლარჯული მწიგნობრული მემკვიდრეობა პოლიტიკური  და კულტურული ფაქტორების   ურთიერთქმედების საფუძველზე ნაშრომში დაყოფილია IX-X, XI-XIII და XIV-XVI საუკუნეების პერიოდებად. ცალკეულ თავებში ცალ-ცალკეა დაჯგუფებული და გაანალიზებული თითოეული პერიოდის ხელნაწერული მასალა. ფუნქციის მიხედვით ტაოკლარჯული ტექსტების მთლიანი მოცულობა იყოფა საეკლესიო ლიტერატურის ნიმუშებად და სამართლის ძეგლებად. ტაო-კლარჯეთის  ლიტერატურული ცხოვრების  აღმავლობის პერიოდია IX-X საუკუნეები, როდესაც რეგიონში ბერმონაზვნური მოძრაობის შედეგად დაარსდა მრავალი სამონასტრო ცენტრი,  რომლებშიც ქრისტიანული აღმოსავლეთისა და კონსტანტინოპოლის სამონასტრო ცენტრებთან მჭიდრო კავშირში მიმდინარეობდა ინტენსიური ლიტერატურული საქმიანობა. ამ პერიოდიდანაა ჩვენთვის ცნობილი საუკეთესო  ტაოკლარჯული ხელნაწერები: ბიბლიის წიგნები, ჰიმნოგრაფიული, ასკეტიკური და სასწავლო დანიშნულების კრებულები, ჟანრობრივად შერეული „მრავალთავები“, – ყველა ესენი შეიცავენ   ძველი და ახალი ათთქმის წიგნებს, ჰომილეტიკურ, პატრისტიკულ, აპოკრიფულ,  აგიოგრაფიულ, ეგზეგეტურ და ისტორიულ თხზულებებს.  შემდგომ საუკუნეებში ტაო-კლარჯეთი საზრდოობს ათონიდან და სხვა უცხოური კერებიდან წამოსული ლიტერატურული პროდუქციით, ხოლო სამცხე-საათაბაგოს  პერიოდში (XIV-XVI სს.), ლიტერატურულ- შემოქმედებითი იმპულსები წყდება, სამაგიეროდ მატულობს სამართლებრივი შინაარსის ტექსტები,  რომლებიც სამთავროს დამოუკიდებელ პოლიტიკურ მისწრაფებებს ასახავენ. ნაშრომის სულ ბოლო თავში ტექსტები წარმოდგენილია სხვადასხვა ჟანრის  ნაწარმოებთა და იურიდიულ დოკუმენტთა ის ნიმუშები, რომლებიც მკითხველს წარმოდგენას შეუქმნის საქართველოს ამ ისტორიული მხარის კულტურულ ცხოვრებაზე და პოლიტიკურ პერიპეტიებზე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/111_2.jpg
02/07/2018 14:38

“კლინიკური ეთიკის კომიტეტების საქმიანობა ჰოსპიტალურ დაწესებულებებში“

2018 წლის 29 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანიც იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი გრანტის ფარგლებში მკვლევარის, მედიცინის დოქტორის ნატო ფიცხელაურის მიერ ჩატარებული კვლევის: “კლინიკური ეთიკის კომიტეტების საქმიანობა ჰოსპიტალურ დაწესებულებებში“ შედეგების პრეზენტაცია და წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის დახვეწა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მეცნიერის მიერ  კვლევის შედეგები რამდენიმე დღის წინ წარდგენილი იქნა ოქსფორდის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი) საერთაშორისო კონფერენციაზე ,,ICCEC 2018: კლინიკური ეთიკა ტრანსლიაციაში: პრაქტიკის კავშირი კვლევასთან, სწავლებასა და პოლიტიკასთან’. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს თსუ მედიცინის ფაკულტეტის სამედიცინო ეთიკის კათედრის წევრებმა, ექსპერტებმა ბიოეთიკის დარგში. პრეზენტაციაზე წარდგენილი იქნა საქართველოს ჰოსპიტალურ დაწესებულებებში კლინიკური ეთიკის კომიტეტების საქმიანობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი კვლევის შედეგები.  სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კლინიკური ეთიკის კომიტეტების საქმიანობა არ შეფასებულა 2003 წლის შემდეგ, ამდენად მეტად საინტერესო აღმოჩნდა კვლევის შედეგების, კერძოდ ჰოსპიტალურ დაწესებულებებში არსებული კომიტეტის სტრუქტურა და შემადგენლობა, კომიტეტის წევრების გამოცდილება და დარგობრივ  ტრენინგებში მონაწილეობა, კომიტეტის ფუნქციები, კომიტეტების მიერ განხილული შემთხვევების რაოდენობები, იდენტიფიცირებული ეთიკური დილემები და ბარიერები და სხვა.  ხარისხობრივი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ჩატარებული იქნა SWOT ანალიზი და შემუშავებული იქნა სამოქმედო გეგმა კომიტეტების საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით. შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია კვლევის შედებთან და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. ახალგაზრდა მეცნიერმა აღნიშნა, რომ გამოთქმული მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება სამოქმედო გეგმის დასახვეწად და ასევე აისახება მონოგრაფიაში, რომლის პრეზენტაცია და პროექტის შემაჯამებელი ანგარიში წარდგენილი იქნება ფართო სამეცნიერო და სამედიცინო საზოგადოების წინაშე მიმდინარე წლის ბოლოს.    
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/962741248_n.jpg
29/06/2018 15:18

ქართული ანდაზები და ადაპტაციური ქცევის კულტურული მოდელები

2018 წლის 27 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის შედეგად, გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია -  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტის, დიმიტრი ჩუბინიძის დისერტაციის დაცვა სახელწოდებით „ქართული ანდაზები და ადაპტაციური ქცევის კულტურული მოდელები“. დისერტაციის მთავარი თემაა ადაპტაციური ქცევის რეგულაციაში კულტურული კოგნიციის მნიშვნელობის შესწავლა, კერძოდ, ადაპტაციური ქცევის ქართული კულტურული მოდელების აღმოჩენა. კვლევის კონცეპტუალური ჩარჩო ეყრდნობა ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის კულტურული მოდელების სკოლას (ბ. შორის გონების კოგნიტურ–ეთნოგრაფიულ თეორიას), ხოლო კვლევის მეთოდოლოგია – ექსპერიმენტული და თვისებრივი ტექნიკების სინთეზს. კვლევა იზიარებს დაშვებას, რომ კულტურული ინფორმაცია სხვადასხვა დონეზე (სოციალურზე, ფსიქიკურზე) ორგანიზებულია მოდელების/სქემების სახით, ხოლო კულტურულ კოგნიციაში მნიშვნელობის შექმნა განსხვავებულ დონეებზე არსებულ მოდელთა შორის კავშირის მეშვეობით ხორციელდება. საკვლევი კონტექსტი წარმოდგენილია ქართული კულტურის სახით, ხოლო საკვლევ არეალს თანამედროვე საქართველო წარმოადგენს. კვლევის ობიექტია ადაპტაციური ქცევის სტრატეგიები. კულტურა-დონის ელემენტად შერჩეულია პრობლემური სიტუაციის გადაჭრასთან დაკავშირებული ქართული ანდაზები. მათი მენტალური რეპრეზენტაცია ასახულია ცნობიერების კატეგორიალურ სტრუქტურებში, რომელიც გამოვავლინეთ სემანტიკური სივრცეების სახით. ამგვარად, წარმოდგენილ იქნა კვლევაში გამოყენებული ანდაზების სუბიექტურ მნიშვნელობათა სივრცული მოდელი. ადაპტაციის კულტურული მოდელების აღწერა/ანალიზი, ასევე, ეყრდნობოდა კულტურის წევრთა დისკურსებში ასახულ მნიშვნელობებს. კვლევის შედეგად გამოვლენილი და აღწერილია ადაპტაციის ქართული კულტურული მოდელები. დისერტაცია ადაპტაციური ქცევის ქართული კულტურული მოდელების ემპირიული კვლევის პირველი მცდელობაა.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/1_3.jpg
25/06/2018 14:54

საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?“

25 ივნისს, 10.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?“ გაიხსა. ფორუმი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა, რომლის თანამონაწილეებიც იყვნენ: ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ARISC). ღონისძიება 30 ივნისამდე გასტანს. ფორუმის ფარგლებში 25-26 ივნისს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება, ხოლო 27-30 ივნისს - საერთაშორისო საზაფხულო სკოლა. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და რეგიონის წამყვანი უცხოელი და ქართველი პროფესორები და მკვლევრები. საზაფხულო სკოლაში კონკურსის შედეგად შერჩეული 13 ქართველი და 8 უცხოელი სტუდენტი და ახალგაზრდა მკვლევარი ჩაერთვება მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. კომბინირებული სამეცნიერო ფორუმი მიეძრვნა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს  და მიზნად ისახავს საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობის ხანის გაანალიზებას.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/2_2.jpg
19/06/2018 15:44

„აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ირანელი და ფრანგი ავტორები მე-19 საუკუნის საქართველოს შესახებ“

2018 წლის 18 ივნისს, გაიმართა პროექტის  „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ირანელი და ფრანგი ავტორები მე-19 საუკუნის საქართველოს შესახებ“ საბოლოო შედეგების პრეზენტაცია, რომელიც დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქაქრთველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის ფარგლებში . პროექტის მონაწილეებმა ისაუბრეს განხორციელებული კვლევების შესახებ. აღინიშნა, რომ სულ ითარგმნა 35 ფრანგი და 63 ირანელი ავტორის თხზულება, რომელთაც თან დაერთოთ სათანადო კომენტარები. თარგმანები განთავსდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სექციაშია. პროექტის მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს პროექტით გათვალისწინებული სამეცნიერო სტატიების კრებულის „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ირანელი და ფრანგი ავტორები მე-19 საუკუნის საქართველოს შესახებ“ თაობაზე, ასევე იმ პუბლიკაციების შესახებ, რომლებიც გამოქვეყნდა პროექტის მიმდინარეობის პერიოდში და რომლებიც უშუალოდ ეხება პროქეტის საკვლევ თემას, კერძოდ: „საქართველო ყაჯართა პერიოდის სპარსულ წყაროებში (სამოგზაურო და მემუარული ლიტერატურა).“ კრებული შეადგინა, ტექსტები სპასრულიდან თარგმნა, შესავალი წერილი და კომენტარები დაურთო მარინა ალექსიძემ. რედაქტორი გრიგოლ ბერაძე. თბ., არტანუჯი, 2016. მარინა ალექსიძე, გრიგოლ ბერაძე, ირინა კოშორიძე. „არფა‘ ად-დოულე და საქართველო.“ თბილისი, არტანუჯი, 2017. იგივე წიგნი ინგლისურ და სპარსულ ენებზე („Arfa‘ ad-Dowle and Georgia“). ირინე ნაჭყებია. „ნაპოლეონის დიპლომატიური მისიები ირანში და საქართველოს საკითხი“ (რედაქტორი: გრიგოლ ბერაძე), თბ.: წიგნობარი, 2018. გიორგი სანიკიძემ გამოქვეყნა „შარდენის მოგზაურობის“ ახალი, შევსებული და გადამუშავებული თარგმანი გამოკვლევითა და კომენტარებით. თბ., ილიას უნივერსიტეტის გამომც., 2018 (მიუხედავად იმისა, რომ შარდენის მოგზაურობა პროექტის ეპოქა არ განეკუთვნება, ის მე-19 საუკუნის ფრანგი ავტორებისთვის საქართველოს შესახებ მთავარ წყაროს წარმოადგენდა და შესაბამისად, პროექტის თემატიკასთან უშუალო კავშირშია).
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/1_3.jpg
13/06/2018 16:38

„ადგილობრივი აგროინდუსტრიული ნარჩენებიდან ბუნებრივი საკვები საღებავების ექსტრაქცია და ანალიზი“

2018 წლის 12 ივნისს, 14:00 სთ–ზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში, გაიმართა 2016 წლის ფუნდამენტური გრანტების კონკურში გამარჯვებული პროექტის „ადგილობრივი აგროინდუსტრიული ნარჩენებიდან ბუნებრივი საკვები საღებავების ექსტრაქცია და ანალიზი“ შედეგების პრეზენტაცია. დამსწრე საზოგადოებას მომხსენებლებმა გააცნეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგები. კერძოდ, პროექტის ფარგლებში შემუშავებული იქნა აგროინდუსტრიული ნარჩენებიდან ბუნებრივი საღებავების მიღების თანამედროვე ექსტრაქციული, რაოდენობრივი განსაზღვრის ანალიზის მეთოდები და რამდენიმე სტადიანი ლაბორატორიული ტექნოლოგიური სქემა, თუ როგორ  მივიღოთ აგროინდუსტრიული ნარჩენებიდან ბუნებრივი საღებავები ფხვნილის სახით.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/2_1.jpg
08/06/2018 16:44

„ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის“

2018 წლის 7 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ორი პროექტის (სამეცნიერო ხელმძღვანელი - ქეთევან გიგაშვილი) გამოცემული წიგნების - „ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის“ VIII ტომისა და „ტექსტოლოგიის“ სახელმძღვანელოს - პრეზენტაცია.  სამეცნიერო პროექტი „XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის აკადემიური გამოცემა“ 2010 წლიდან ხორციელდება იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მჭიდრო თანამშრომლობით. 2016 წელს პროექტმა ზედიზედ მესამედ მოიპოვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი. პროექტის ბაზაზე შეიქმნა სადოქტორო პროგრამა „ტექსტოლოგია და გამოცემათმცოდნეობა“, რომელმაც 2016 წელს გაიმარჯვა სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამების განვითარების კონკურსში. პირველი პროექტის ფარგლებში საქართველოში პირველად ხორციელდება ქართველი მწერლების პირადი წერილების მეცნიერული შესწავლა და აკადემიური გამოცემა. მე-8 ტომი, ისევე როგორც წინა 7 ტომი, დაეთმო გრიგოლ ორბელიანის წერილებს. დღეისათვის მრავალტომეულში უკვე  დაბეჭდილია პოეტის 727 ეპისტოლე. ამათგან პირველად გამოქვეყნდა 325, ხოლო დათარიღდა 156 დაუთარიღებელი ბარათი. „ტექსტოლოგიის“ სახელმძღვანელო ასახავს ტექსტოლოგიის განვითარების თანამედროვე მდგომარეობას, სხვადასხვა ქვეყნის ტექსტოლოგიურ სკოლებს შორის არსებულ ტერმინოლოგიურ სხვაობებს, კვლევის როგორც ტრადიციულ, ისე უახლეს მეთოდებსა და ტექნოლოგიებს, ფუნდამენტური ტექსტოლოგიური კვლევების გამოყენების ასპექტებსა და დარგის განვითარების პერსპექტივებს. სახელმძღვანელოს ახლავს გლოსარიუმი, დავალებების პაკეტი და დამატებითი ლიტერატურის სია. აღნიშნული სახელმძღვანელო პირველია საქართელოში დოქტორანტურის საფეხურისთვის. პრეზენტაციაზე დამსწრე მეცნიერებმა მაღალი შეფასება მისცეს აღნიშნულ გამოცემებს და აღნიშნებს მათი წვლილი დარგის განვითარების საქმეში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_0035.JPG
31/05/2018 16:44

„თრიალეთი - კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა, უძველესი წყაროები და კვლევის პერსპექტივები“

2018 წლის 30 მაისს, საქართველოს ეროვნული  მუზეუმის აუდიტორიაში ჩატარდა გ. ნარიმანიშვილის, ნ. შანშაშვილის, მ. კვაჭაძის ნაშრომის „თრიალეთი - კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა, უძველესი წყაროები და კვლევის პერსპექტივები“ პრეზენტაცია. აღნიშნული წიგნი გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის შედეგად დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. პრეზენტაციაზე წიგნის ღირსებებსა და მის როლზე საქართველოს ისტორიაში ისაუბრეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ზურაბ მახარაძემ, არქეოლოგიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ გელა გამყრელიძემ, პროფ. ირინე ღამბაშიძემ, პროფ. ჯონი აფაქიძემ. წარმოდგენილ ნაშრომში  პირველად მოხდა თრიალეთის კულტურულ-ისტორიულ ჭრილში განხილვა უძველესი დროიდან XIX ს-ის ბოლომდე, ასევე პირველად მოხდა ისტორიული თრიალეთის ყველა ეპოქის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების თავმოყრა და დახასიათება. წიგნი დაეხმარება საქართველოსა და კავკსიის ისტორიით, არქეოლოგიით დაინტერესებულ მეცნიერებს, მნიშვნელოვანად გაამდიდრებს რეგიონის მულტიეთნიკური მოსახლეობის ცნობიერებას და ცოდნას. ნაშრომში წარმოდგენილი ავტორთა მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ეკონომიკური კუთხითაც შეიძლება დაეხმაროს რეგიონის განვითარებას, რამდენადაც ის პოპულარიზაციას უწევს ისტორიული თრიალეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. ნაშრომის პრეზენტაციის დროს წიგნების ნაწილი საჩუქრად გადაეცა დამსწრე საზოგადოებას; აქვე აღინიშნა, რომ ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებშიც ჩატარდება პრეზენტაციები   და აღნიშნული ნაშრომი გადაეცემა ამ რეგიონის მცხოვრებლებს. წიგნები ასევე გადაეცემა ისტორიული თრიალეთის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს, რომლების ერთგულად დაეხმარნენ ავტორებს საველე სამუშაობის დროს.
სრულად