old
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/es%20(5).JPG
26/10/2018 17:13

საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის მეორე საერთაშორისო კონგრესი

26 ოქტომბერს, 09:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონგრესი ონკოუროლოგიაში  გაიხსნა. აღნიშნული კონგრესი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, MMT ჰოსპიტალისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა ფონდის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ზვიად გაბისონიამ. კონგრესში მონაწილეობას იღებენ ამ დარგის მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები - ამერიკის, გერმანიის, შვედეთის, საფრანგეთის, იტალიის, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გამოჩენილი წამყვანი მეცნიერები და ექიმები. უროლოგიურ სიმსივნეებთან ბრძოლა აქტუალური თემაა დღევანდელ მსოფლიო მედიცინაში. არსებობს სრულიად ახალი მიდგომები და რეკომენდაციები ამ პათოლოგიათა დასამარცხებლად. კონგრესის ძირითადი მიზანია ამ სიახლეების ურთიერთგაზიარება და ქართველი ექიმებისთვის თანამედროვე მსოფლიო მედიცინის განვითარების პროცესებში თანამონაწილეობა. უროლოგიაში ფართოდ ინერგება მკურნალობის ახალი სტრატეგია და ტაქტიკა. სხვადასხვა დარგის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები შეაჯამებენ არსებულ სამეცნიერო ინოვაციებს, მოხდება აზრთა გაცვლა, და დისკუსიები. ეს, უზრუნველჰყოფს სამეცნიერო-პრაქტიკულ და კლინიკურ პროგრესს, სპეციალისტთა ცოდნის, გამოცდილების ზრდას, პროგრესული იდეების დანერგვას.  კონგრესი მულტიდისციპლინურია - მასში მონაწილეობენ უროლოგები, ონკოლოგები, რადიოლოგები და პათანატომები სხვადასხვა ქვეყნებიდან.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/20181026_104445.jpg
26/10/2018 16:34

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა (თსსუ) უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას „ქრონიკული ნევროლოგიური დარღვევები - ელექტრონული ჯანდაცვის მიდგომები“.

26 ოქტომბერს, 10:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა (თსსუ) უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას „ქრონიკული ნევროლოგიური დარღვევები - ელექტრონული ჯანდაცვის მიდგომები“. კონფერენციაზე შეჯამდა 2016 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ადმინისტრირებული გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსის გამარჯვებული პროექტის „ელექტრონული ჯანდაცვის პროტოტიპი ძილის დარღვევებისთვის - ქართული ციფრული კოგნიტურ ბიჰევიორული თერაპიის (CBT) ვერსია ინსომნიის მქონე პაციენტებისთვის“ შედეგები.   კონფერენცია გახსნა თსსუ რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ მედიცინის დოქტორი, ბატონი ჟან უილემ ბარზილაი - ნიდერლანდების სამეფოს ეპილეფსიის ცენტრის (SEIN) დირექტორი, მედიცინის დოქტორი, ბატონი ალ დე ვერდი - ნიდერლანდების სამეფოს ძილის ცენტრის ფედერაციის თავმჯდომარე და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენელი ნინო გაჩეჩილაძე.   კონფერენციაში ქართველი ექიმების გარდა მონაწილეობას იღებენ ნევროლოგიის დარგის წამყვანი სპეციალისტები ავსტრიის, შოტლანდიის, ნიდერლანდებისა და სხვა ქვეყნებიდან.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_2572.JPG
05/10/2018 16:15

„მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“

2018 წლის 4 ოქტომბერს, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, ფიზიკის პედაგოგმა და  აკადემიურმა დოქტორმა ლალი ნადირაძემ წარმოადგინა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში „მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“, გამარჯვებული პროექტის „თბილისის კლასიკური გიმნაზიის მზის ავტონომიური ელექტროსადგურის კვლევა“ პრეზენტაცია. ამ ღონისძიებით დაიწყო აღნიშნული პროექტის განხორციელება გიმნაზიაში. აღსანიშნავია, რომ კონკურსის ყველა ეტაპზე პროექტმა დაიმსახურა უმაღლესი შეფასება და საბოლოოდ დაიკავა პირველი ადგილი. პროექტის ხელმძღვანელმა ლალი ნადირაძემ, საზოგადოებას წარუდგინა პროექტის მონაწილე სუბიექტები: პროექტის მონაწილე მეცნიერი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი ფიზიკის აკადემიური დოქტორი ბელა კვირკველია, პროექტის ასისტენტი, გიმნაზიის ინფორმატიკის პედაგოგი დოქტორანტი ნანა ნოზაძე და გიმნაზიის მოსწავლე მკვლევარები. პროექტის ხელმძღვანელმა, ასევე ისაუბრა განახლებადი ენერგიის მნიშვნელობაზე, საქართველოში მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივებზე, პროექტის მიზნებზე და პროექტის ფარგლებში გიმნაზიის მაღალტექნოლოგიური დანადგარის კვლევის საქმეში მოსწავლეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე. გამართულ ღონისძიებაზე საზოგადოება გაეცნო საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის ფარგლებში ეტაპობრივად დაგეგმილ გასახორციელებელ აქტივობებს. აღინიშნა, რომ პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნება თბილისის კლასიკური გიმნაზიის ავტონომიური ელექტროსადგურის მონაცემთა ბაზა. ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექცია, პედაგოგები, მე-8, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელები. პრეზენტაციის შემდგომ დაისვა კითხვები, ღონისძიების მონაწილეებმა ისაუბრეს პროექტის განხორციელების პროცედურებზე. შეხვედრის ბოლოს კიდევ ერთხელ აღინიშნა პროექტის „თბილისის კლასიკური გიმნაზიის მზის ავტონომიური ელექტროსადგურის კვლევა“ სასწავლო, კვლევითი, ეკონომიური და ეკოლოგიური ღირებულება.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_2546.JPG
04/10/2018 16:14

საერთაშორისო კონფერენცია „ქართველთა კულტურული კვალი გერმანიაში“

2018 წლის 4 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიხსნა ქართულ-გერმანული ურთიერთობების 200 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია: „ქართველთა კულტურული კვალი გერმანიაში“. პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. კონფერენციის თანაორგანიზატორია რეგენსბურგის აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის კვლევების ინსტიტუტი, ხოლო პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ – პროფ. ნ. დობორჯგინიძე. კონფერენციის მიზანია, შეაჯამოს და ქართველ და უცხოელ მეცნიერებს განსახილველად წარუდგინოს 2015-2018 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული ამავე სახელწოდების კვლევითი პროექტის შედეგები.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_2174.JPG
03/10/2018 16:47

სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის ფოლკსვაგენის ფონდის ერთობლივ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების ღონისძიებები

27 სექტემბერს სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის ფოლკსვაგენის ფონდის ერთობლივ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების ღონისძიებები ჩატარდა. საგრანტო პროექტის “სტრუქტურირებული განათლება - ხარისხის უზრუნველყოფა აზროვნების თავისუფლება” (ხელმძღვანელი გიგა ზედანია) ფარგლებში გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის ერთობლივი კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის პრეზენტაცია. აღნიშნული პროგრამა შესაძლებლობას აძლევს დოქტორანტებს დაიცვას სადოქტორო ნაშრომი კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით და მიენიჭოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი. საგრანტო პროექტის “საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა მათემატიკაში” (ხელმძღვანელი რამაზ ბოჭორიშვილი) მონაწილე პროფესორებს რალფ მაიერს და ინგო ვიტს (გიოტინგენის გეორგ-ავგუსტის უნივერსიტეტი) მიენიჭათ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/20180919_161712.jpg
26/09/2018 11:29

„მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით

2018 წლის 19 სექტემბერს ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის ცენტრში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის - „მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ - გამარჯვებული პროექტის „გარემოს რადიაციული ფონის შესწავლა და მონიტორინგი მიკროკომპიუტერული გამზომი სადგურის საშუალებით“ გახსნის ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგები ინდირა ნატრიაშვილი და მიხეილ ბერიშვილი და ამავე სკოლის მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები: ნიკოლოზ ციმაკურიძე, ნიკოლოზ ციმაკურიძე, ლევან გოგრიჭიანი, თინათინ თუთბერიძე, თამაზ სანიკიძე, მარიამ ჯაფარიძე, მარიამ ჩხეიძე, მარიამ წურწუმია, გიორგი კედია, ქეთევან ბეგიაშვილი, ქეთევან ხაჭაპურიძე. პროექტის გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: რუსთაველის ფონდის წარმომადგენლები , დაბა ბედიანის სკოლის ფიზიკის პედაგოგი დავით ნატრიაშვილი. საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ბირთვული ენერგიისა და რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე, ამავე კომისიის მდივანი ლია ჭელიძე, ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ზაზა როსტომაშვილი, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. მიხეილ ნიორაძე, ამავე ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილების ხელმღვანელი, პროფ. გელა დევიძე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები - ირაკლი მჭედლიშვილი და თამარ პატარაია. აღვნიშნავთ, რომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში - „მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ გაიმარჯვეს ჩვენი სკოლის ფიზიკის პედაგოგმა ინდირა ნატრიაშვილმა და ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა რევაზ შანიძემ და დოქტორანტმა გოგიტა პაპალაშვილმა პროექტით „გარემოს რადიაციული ფონის შესწავლა და მონიტორინგი მიკროკომპიუტერული გამზომი სასდგურის საშუალებით“, რის შედეგადაც სკოლამ მოიპოვა გრანტი და პროექტის დასასრულს სკოლას ექნება რადიაციული ფონის გამზომი სადგური, რომელიც რეალურ დროში შეძლებს გაზომვების ჩატარებას, მიღებული ინფორმაციის დამუშავებას და გარემოს რადიაციული მონიტორინგის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზებში განთავსებას. გამზომი სადგურის მობილურობა საშუალებას მოგვცემს გარემოს რადიაციული ფონის გაზომვები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩავატაროთ. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ამგვარი სადგურის განლაგებას საქართველოს სკოლებში და რადიაციული მონიტორინგის სასკოლო ქსელის შექმნას.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_1877.JPG
12/09/2018 16:36

საერთაშორისო კონფერენცია „სამხრეთ კავკასიური ცარცის წრე 2“

12 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა  ქართველოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია „სამხრეთ კავკასიური ცარცის წრე 2“. კონფერენციის ორგანიზატორები არიან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მერილენდის უნივერსიტეტი (აშშ) და უნივერსიტეტი პარიზი 8 (საფრანგეთი). კონფერენცია დაფინანსებულია  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. ქართველოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია „სამხრეთ კავკასიური ცარცის წრე“ 2016 წელს დაარსდა უცხოელი ქართველოლოგების ინიციატივით; ამავე წელს პარიზში გაიმართა პირველი კონფერენცია: „სამხრეთ კავკასიური ცარცის წრე 1“. 2018 წლის 2-11 სექტემბერს ილიას უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა ამავე სახელწოდების საზაფხულო სკოლა, ხოლო 12-14 სექტემბერს კონფერენცია , რომლის მიზანია ქართველოლოგიური კვლევების ინტერნაციონალიზაცია, ქართველი და უცხოელი მკვლევრებისთვის ერთიანი სამუშაო პლატფორმის შექმნა, ქართველოლოგიისა და კავკასიოლოგიის, როგორც მნიშვნელოვანი საენათმეცნიერო დარგების, პოპულარიზაცია უცხოურ უნივერსიტეტებში. ქართველ მეცნიერებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებში ქართველოლოგიურ პრობლემატიკაზე მომუშავე 15 მეცნიერი.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/capa_24_3.cover.png
24/08/2018 12:40

"ქართველთა აკულტურაციის პროცესისა და შინაგანი დიალოგისათვის მისი მნიშვნელობის კვლევა" პროექტის წარმატება

ახალგაზრდა მეცნიერთა საგრანტო პროექტის - "ქართველთა აკულტურაციის პროცესისა და შინაგანი დიალოგისათვის მისი მნიშვნელობის კვლევა" - ფარგლებში მიმდინარე კვლევის პროცესში ლადო (ვლადიმერ) გამსახურდიამ განავითარა თეორიული ინოვაცია, რაც სოციოკულტურულ სიახლეებთან არსებული თეორიული პლატფორმების არსობრივ განახლებას ითვალისწინებს. კერძოდ, დასაბუთებულ იქნა აკულტურაციის ცნების და მასთან დაკავშირებული კვლევების შეუსაბამობა რეალურ ცხოვრებისეულ კანონზომიერებებთან. სანაცვლოდ დამუშავებულ და შეთავაზებულ იქნა ახალი ალტერნატიული თეორიული ცნება - პროკულტურაცია. პროკულტურაცია აღნიშნავს პიროვნებაზე-ცენტრირებული სუბიექტივისტური ადაპტაციის პროცესს ახალ სოციოკულტურულ  მნიშვნელობებთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ აკულტურაციის პროცესი ახალგაზრდა მეცნიერის მიერ განიხილება დიალოგური სელფის თეორიის კონტექსტში. აღნიშნული ინოვაცია სტატიის სახით გამოქვეყნდა ჟურნალში “კულტურა და ფსიქოლოგია” , რომელიც ფსიქოლოგიის სფეროში მხოლოდ თეორიულ ინოვაციებს აქვეყნებს და ამ თვალსაზრისით  ერთ-ერთ ყველაზე წონად სამეცნიერო გამოცემას წარმოადგენს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართველი ფსიქოლოგი ქართული უნივერსიტეტის სახელით, ერთი ავტორის სტატუსით, ავტორიტეტულ საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემაში აქვეყნებს ინოვაციურ თეორიულ ნაშრომს.  გასათვალისწინებელია, რომ თეორიული ინოვაცია ამ პროექტით  გათვალისწინებული არ იყო. აღნიშნული ცნების თეორიული დამუშავება მკვლევრის შემოქმედებითი მიდგომის შედეგია. ამჟამად პროექტის ფარგლებში მზადდება ახალი მასალები და იგეგმება მათი გამოქვეყნება ამჯერად ემპირიული კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემთა საფუძველზე. პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/IMG_1853_1.JPG
22/08/2018 11:29

„საქართველოში ინოვაციური მეთოდების შემუშავება ორგანულ მევენახეობაში“

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ღვინის ეროვნულ სააგენტოში ბიომევენახეებთან შეხვედრა გაიმართა. ბიომევენახეებთან შეხვედრა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის „საქართველოში ინოვაციური მეთოდების შემუშავება ორგანულ მევენახეობაში“ ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე ბიოწარმოებაზე გადასვლის, ბუფერული ზონების, ნიადაგის განაყოფიერების სისტემის, ბიოღვინის წარმოების, მავნებელ-დაავადებების რეგულირების საკითხები განიხილეს. შეხვედრაში მონაწილეობა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილემ, სოფიო უჩანეიშვილმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მეხუზლამ, ბიოსერტიფიცირების ორგანოს „კავკასსერტი“ დირექტორმა, დავით ბედოშვილმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს. პროექტი „საქართველოში ინოვაციური მეთოდების შემუშავება ორგანულ მევენახეობაში“ 2016 წლიდან მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, საქართველოში პირველად, მეცნიერულად დამუშავდა ბიოყურძნის წარმოების სქემა. ორგანული მევენახეობის განვითარების ხელშეწყობისთვის, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები კვლევას ორ, მკვეთრად განსხვავებულ კლიმატურ რეგიონში - კახეთსა და მთიან აჭარაში ახორციელებდნენ.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/grantiorta%20aqtivobebi/55_1.jpg
21/08/2018 16:34

ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის სადემონსტრაციო დღე

20 აგვისტოს 15:00 სთ-ზე გაიმართა სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2014 წლის ფუნდამენტური კვლევების სამეცნიერო საგრანტო პროექტის „ოპტიკურად მკვრივი, შემთხვევითი ფაზური ეკრანის ფლუორესცენციული მახასიათებლების რაოდენობრივი და გაბნეული ლაზერული გამოსხივების ინტენსივობის კორელაციური ფუნქციის სტატისტიკური მომენტების სპექტრალური ანალიზი“ (ხელმძღვანელი ნუგზარ ღომიძე) დასკვნითი ნაწილისადმი მიძღვნილი სადემონსტაციო დღე. პროექტის განმხორციელებელმა პირებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს პროექტის მიზნები, ამოცანები ძირითადი შედეგები. პროექტის განხორციელება დაიწყო 2015 წლის 5 მაისს და ოფიციალურად სრულდება 2018 წლის 5 სექტემბერს. პროექტის ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 149 200 ლარს, რომელთაგან 25 000 ლარის სამეცნიერო აპარატურა იქნა შეძენილი. ძირითადი შედეგები გამოქვეყებული იქნა 5 მაღალრეიტინგულ ჟურნალში, აგრეთვე მოხსენებული იქნა საერთაშორისო ფორუმებში (პოლონეთი-2018, ესპანეთი-2017, უკრაინა-2016, თურქეთი-2016, 2015, იტალია-2015, ისრაელი-2014). პროექტის ფარგლებში შესრულდა ორი სადოქტორო დისერტაციის ცალკეული ამოცანები (მირანდა ხაჯიშვილი - 2015, კახა მახარაძე - 2018), ორი სამაგისტრო შრომა (რევაზ თურმანიძე - 2017, ანა სლიუსარევა - 2018), მომზადდა სტუდენტები ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე (მალხაზ დიმიტრაძე, ჯაბა შაინიძე). პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდა 4 ჯგუფი, კონსტრუქტორთა ჯგუფი (ხელმძღვანელი ზაზა დავითაძე), ექსპერიმენტატორთა ჯგუფი (ხელმძღვანელი ზურაბ შაშიკაძე), თეორეტიკოსთა ჯგუფი (ხელმძღვანელი იზოლდა ჯაბნიძე), მოდელირების ჯგუფი (ხელმძღვანელი მირანდა ხაჯიშვილი). დაგეგმილი იყო 12 ამოცანა, რომლებიც წარმატებით შესრულდა. მომხსენებლებმა ჟუჟუნა დიასამიძემ და ლალი კალანდაძემ დამსწრე საზოგადოება გააცნეს პროექტის განვითარების პერსპექტივები და მისი მნიშვნელობა პრობლემური კომპლექსური ეკოლოგიური, გამოყენებითი და რაც მთავარია ფუნდამენტური ამოცანების გადაწყვეტისას. პროექტის ფარგლებში შესრულებული ამოცანების ძირითადი შედეგებია:  ეფექტური და ექსპრესული, მაღალიტერაციული არასტანდარტული დანადგარის ლაზერული სპექტროპლუორიმეტრი მოდერნიზება. ნაჩვენები იქნა, ფოტონების თვლის მეთოდზე დაფუძნებული სპექტროფლუორიმეტრის უპირატესობა სტრობოსკოპულ მეთოდზე დაფუძნებულ სპექტროფლუორიმეტრთან შედარებით. უნიკალური ექსპერიმენტული სამუშაოების შესრულება: ფლუოროფოლიდან გამოსხივებული ფლუორესცენციული სიგნალის ინტენსივობის სპექტრის გადაღება; ფლუორესცენციის მილევის დროის, კვანტური გამოსავალისა და სპექტრული მახასიათებლების შეფასება ჰექსანისათვის, დისტილატისათვის, სასმელი წყლისთვის, ზღვის წყლისთვის და სხვა თხევადი ნივთიერებებისათვის  აგზნები წყაროს სხვადასხვა ტალღის სიგრძის მიხედვით.   შესწავლილი იქნა ლაზერით გენერირებული იმპულსის დროით–სიხშირული ევოლუცია გარემოს სტატისტიკური პარამეტრების ცვლილებების მიხედვით. გარემოს ზოგად შემთხვევაში წარმოადგენს ოპტიკურად მკვრივი შემთხვევითი ფაზური ეკრანი. ავტოკორელატორის მართვა განხორცილდა პროგრამულად (spectra Wiz, Lab view). მიღწეული იქნა სიგნალი/ხმაურის თანაფარდობის მნიშვნელობა 10000:1. შესრულდა ფუნდამენტური კვლევები ოპტიკურად მკვრივი შემთხვევითი ფაზური ეკრანიდან გაბნეული ლაზერული გამოსხივების ინტენსივობის კორელაციური ფუნქციის პირველი და მეორე რიგის სტატისტიკური მომენტებისათვის, ფაზის კორელაციური ფუნქციის გაუსური და ლორენცისეული სტატისტიკის შემთხვევაში. შესრულდა რიცხვითი მოდელირება და შესწავლილი იქნა მართკუთხა, ექსპონენციალური, ბიექსპონენციალური და სინუსოიდალური იმპულსური სიგნალების სივრცე-სიხშირული ევოლუცია შემთხვევითი ფაზური ეკრანის გავლით, როცა ამ უკანასკნელს წარმოადგენს იზოტროპული, დაჯახებადი პლაზმური ფენა.     ნაწილობრივ კოჰერენტული ტალრების თეორიის, ტალღური თეორია და შემთხვევითი ფაზური ეკრანის მოდელზე შეიქმნა ადეკვატური თეორიული მოდელი და შედეგები გაანალიზდა ექსპერიმენტულ მონაცემებთან მიმართებაში ოპტიკურად მკვრივი შემთხვევითი ფაზური ეკრანისათვის. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ოპტიკურად მკვრივი, შემთხვევითი ფაზური ეკრანის სტატისტიკური მახასიათებლების შესწავლა, მის გავლით მიღებული ლაზერული გამოსხივების საფუძველზე არც ახლა დაწყებულა და ბუნებრივია არც გრანტის განმხორციელებელ  ჯგუფს აქვს პრეტენზია ბოლომდე სრულყოფილი, ადეკვატური თეორიული მოდელის შექმნისა. მაგრამ ფუნდამენტური კვლევები და ექსპერიმენტის შედეგები უდავოდ არის ღირებული ინფორმაცია რეალური გარემოს სტატისტიკური მახასიათებლების ანალიზის კუთხით. ასევე, ხაზი გაესვა პროექტის ინოვაციურ მიდგომას, რაც გამოიხატება ფაზური ეკრანის მოდელის გამოყენებაში ფლუორესცენციული მახასიათებლების შეფასებასთან მიმართებაში. აღინიშნა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წვლილი დაფინანსებული პროექტების და შემდგომ ამ პროექტების განხორციელებაში ხელშეწყობის კუთხით. მნიშვნელოვანია კვლევების გაგრძელება, რათა ხორცი შეესხას პროექტის განმხორციელებელი ჯგუფის იდეებს ესოდენ აქტუალური კომპლექსური ეკოლოგიური, გამოყენებითი და ფუნდამენტური ამოცანების გადაწყვეტისთვის, რომელიც უკავშირდება არა მხოლოდ ოპტიკურად მკვრივი შემთხვევითი სტატისტიკის გარემოს ეფექტურ და ექსპრესიულ დიაგნოსტიკას, არამედ ულტრა თხელფენიანი, მყარსხეულოვანი, ნანოსტრუქტურების შესწავლას პროექტის ფარგლებში შემოთავაზებული მეთოდოლოგიის დამუშავებით, მათ შორის კვლევის ინოვაციური რადიოფიზიკური და მაგნიტო ოპტიკური მეთოდების საფუძველზე.           სადემონსტრაციო დღის დასკვნით ნაწილში დამსწრეებმა დაათვალიერეს შეძენილი სამეცნიერო აპარატურა და ლაბორატორია, სადაც პროექტის განხორციელება მიმდინარეობდა (ბსუ, აუდიტორია 208).           
სრულად