old
http://rustaveli.org.ge/images/Images/12898183_857331501079093_717593088344050217_o.jpg
28/03/2016 12:57

,,ტაო-კლარჯეთის 2015 წლის საკვლევი ექსპედიციების ანგარიშები’’ - პრეზენტაცია

24 მარტს 18:00 საათზე, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრში გაიმართა ,,ტაო-კლარჯეთის 2015 წლის საკვლევი ექსპედიციების ანგარიშები’’ -ს პრეზენტაცია. პროექტი -  ,,თურქეთში მდებარე ქართული ისტორიული მხარეების ტაო-კლარჯეთისა და კოლა-არტანის ქართული მატერიალური კულტურის ძეგლების კატალოგი’’ ხორციელდება ,,კავკასიის უნივერსიტეტი’’-სა და ,,საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრი’’-ს მიერ, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით . აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2015 წელს ჩატარდა 5 ექსპედიცია (56 დღე) ისტორიული შავშეთისა და კლარჯეთის ტერიტორიის დიდ ნაწილზე.  შესწავლილ იქნა ამ მხარეებში მდებარე 283 სოფელი, ნასოფლარი და მათი მიდამოები. შედეგად, დაფიქსირდა აქ მდებარე წერილობითი წყაროებიდან ცნობილი კულტურის 116 ისტორიული ძეგლის თანამედროვე მდგომარეობა. გარდა ამისა, გამოვლინდა კულტურის 108 უცნობი ისტორიული ძეგლი, რომლებიც არ იყო მოხსენიებული ჩვენთვის ცნობილ წერილობით წყაროებში. მათ შორის: 48 ეკლესია (12 უცნობი), 47 ნაეკლესიარი (33 უცნობი), 66 ციხე და კოშკი (31 უცნობი), 24 ქვის თაღოვანი ხიდი (1 უცნობი), 32 სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობა (მეგალითური, მიწისქვეშა, მღვიმის, საცხოვრებელი და სხვა, მათ შორის 24 უცნობი), უცნობი წარწერები - 1 ასომთავრული ქართული, 1 სომხური და 5 ახლადმიკვლეული ორნამენტიანი ქვა. პარალელურად დაფიქსირდა სომხური, ბერძნული, რუსული და თურქული კულტურის ცალკეული ძეგლების (ნაგებობები, წარწერები, ქვაზე კვეთილობები და სხვა) თანამედროვე მდგომარეობა. 2014 წელს ჩატარდა 9 ექსპედიცია (56 დღე) ისტორიულ არტანში, კოლაში, პალაკაციოში, ფოსოში, ერუშეთის,  ჯავახეთისა და სამცხის ნაწილში. შესწავლილ იქნა ამ მხარეებში მდებარე 314 სოფელი, ნასოფლარი და მათი მიდამოები. შედეგად, დაფიქსირდა აქ მდებარე წერილობითი წყაროებიდან ცნობილი კულტურის 119 ისტორიული ძეგლის თანამედროვე მდგომარეობა. გარდა ამისა, გამოვლინდა კულტურის 143 უცნობი ისტორიული ძეგლი, რომლებიც არ იყო მოხსენიებული ჩვენთვის ცნობილ წერილობით წყაროებში. (ხუციშვილი და სხვები, 2015).
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/067.JPG
25/03/2016 15:24

ლევან ტიელიძის პრეზენტაცია ,,საქართველოს გლაციოლოგიური კატალოგი’’

"Modern and old glaciers of Georgia" პირველი მონოგრაფიაა ინგლისურ ენაზე, სადაც განხილულია ბოლო ათწლეულების განმავლობაში კლიმატის ცვლილების შედეგად კავკასიონზე მყინვარების ცვალებადობა. მონოგრაფიაში ასევე განხილულია საქართველოს ძველი და თანამედროვე გამყინვარების დინამიკა და მასშტაბები, მტკნარი წყლის მარაგთან დაკავშირებული საკითხები. განხილულია ისეთი პრობლემები, როგორიცაა მყინვარების ნგრევის შედეგად წარმოქმნილი სტიქიური მოვლენები, მათ შორის,  2014 წლის მაისის თვეში დარიალის ხეობაში მყინვარ დევდორაკზე მომხდარი გლაციალური ღვარცოფი და სხვ. მონოგრაფია და კატალოგი შესრულებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური ხელშეწყობით (2014-2016 წლების გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტი ,,საქართველოს გლაციოლოგიური კატალოგი’’ (№AR/151/9-102/13). " საქართველოს მყინვარების კატალოგი /Glaciers Catalog of Georgia"  წამოადგენს პირველ ორენოვან სამეცნიერო ნაშრომს გლაციოლოგიური მიმართულებით, სადაც განხილულია საქართველოს ყველა მყინვარული აუზი, მოცემულია საქართველოს ყველა დიდი მყინვარის დეტალური დახასიათება, ასევე შესწავლილია მყინვარების რაოდენობისა და ფართობის დინამიკა ბოლო ერთი საუკუნის პერიოდში. კატალოგზე მუშაობის პროცესში ასევე შეიქნა საქართველოს მყინვარების მონაცემთა ბაზა, სადაც თითოეული მყინვარის შესახებ  განთავსებულია სრული ინფორმაცია. მონოგრაფია და კატალოგი დიდ დახმარებას გაუწევს არა მარტო გლაციოლოგიით და გეოგრაფიით, არამედ  საბუნებისმეტყველო და დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებებით  დაინტერესებულ სხვადასხვა უნივერსიტეტების როგორც აკადემიურ პერსონალს, ასევე სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.  მონოგრაფია და კატალოგი ემყარება ავტორის რამდენიმეწლიან თეორიულ და საველე-კამერალურ კვლევის შედეგებს, რომელიც ჩატარებულია კავკასიონის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფერდობზე თითქმის ყველა მყინვარულ აუზში. ძირითადი თეორიული დებულებები და დასკვნები ავტორის მიერ დამუშავებულია თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტიში. ასევე, 2014-2015 წლებში კვლევის გარკვეული ნაწილი შესრულებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, მეინის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების ინსტიტუტში, ხოლო 2015-2016 წლებში, კანადის ჩრდილოეთ ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტში. 
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/image/IMG_20160315_153855.jpg
18/03/2016 12:02

ეკრანის ტიპის ამოცანები ანიზოტროპული მაქსველის განტოლებებისათვის

2016 წლის 15 მარტს 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტში გაიმართა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით # 31/39 დაფინანსებული პროექტით “ეკრანის ტიპის ამოცანები  ანიზოტროპული მაქსველის განტოლებებისათვის: ასიმპტოტიკური ანალიზი და რიცხვითი მიახლოებები” გათვალისწინებული მცირე ვორკშოპი. ვორკშოპზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგების მოკლე მიმოხილვა.   პროექტის ხელმძღვანელმა პროფესორმა დავით კაპანაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო პროექტის კვლევის ამოცანები, მოკლედ მიმოიხილა პროექტის ფარგლებში საერთაშორისო რეფერირებად, რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული შრომები, ისაუბრა გამოსაქვეყნებლად გადაცემულ სტატიებზე, მიმდინარე კვლევაზე და მომავალ გეგმებზე. პროფესორმა როლანდ დუდუჩავამ წარმოადგინა პროექტის ფარგლებში მიღებული უახლესი შედეგები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/117.jpg
11/03/2016 15:31

„ნანოცეოლითური სორბენტების შექმნის მეცნიერული საფუძვლების განვითარება“

2016 წლის 10 მარტს, 12:00 საათზე, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში გაიმართა ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის პროექტის  „ნანოცეოლითური სორბენტების შექმნის მეცნიერული საფუძვლების განვითარება“ პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ შესაბამისი სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები. მოხსენების შემდეგ დაისვა შეკითხვები, გაიმართა დისკუსია და  დაისახა სამომავლო გეგმები.  მოხსენება პროექტის შესახებ გააკეთა,  პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორმა, ნანული დოლაბერიძემ. მოხსენება შეეხებოდა ნანოგანზომილებიანი, წვრილდისპერსული ცეოლითური მასალების მისაღებად თეორიული და ექსპერიმენტული ბაზის შექმნას, ამ მიმართულებით  მეცნიერული საფუძვლების განვითარებას; რაც ითვალისწინებდა ალუმინსილიკატურ სისტემებში მიმდინარე გელწარმოქმნის, ჰიდროთერმალური კრისტალიზაციის და ქიმიური მოდიფიცირების ზოგიერთი კანონზომიერებების დადგენას. კვლევაში გამოყენებული იყო  იაფი, ადვილადხელმისაწვდომი ბუნებრივი ცეოლითები, საქართველოს საბადოებიდან – კერძოდ კლინოპტილოლიტი რკონიდან, ფილიპსიტი შუხუთიდან, ანალციმი გელათიდან. ჩატარებული კვლევების საფუძველზე შექმნილია ალუმინსილიკატურ სისტემებში გელწამოქმნის, ჰიროთერმალური კრისტალიზაციის პროცესის მიმდინარეობის მოდელები;  დადგენილია ცეოლითების მჟავური, თერმული და იონმიმოცვლითი დამუშავების ოპტიმალური პირობები.   დაგროვილი ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემუშავებული მარტივი  ეკონომიურად რენტაბელური ხერხებით მიღებულია სუფთა, წვრილდისპერსული ფოჟაზიტი და მორდენიტისმაგვარი  ცეოლითი და ანტბაქტერიული და ანტივირუსული თვისებების მატარებელი პროლონგირებული ქმედების სორბენტები ვერცხლის, სპილენძის და თუთიის შეცველობით, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ქირურგიაში, სტომატოლოგიასა და მედიცინის სხვა დარგებში.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/Events/2016.02.02.JPG
02/02/2016 16:15

სამოგზაურო გრანტი - ნანული ნინაშვილი

2015 წლის  4-8 ნოემბერს   პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართა  რიგით მესამე საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა შორსწასული მკერდის კიბოს პრობლემას. 2011 წლიდან კონფერენცია დამკვიდრდა როგორც პირველი საერთაშორისო ფორუმი, რომლის ძირითადი მიზანია შორსწასული მკერდის კიბოს პრობლემის ყველა ასპექტის აქტიური გაშუქება. მკერდის კიბოს ზრდის ტენდენცია აშკარაა მთელს მსოფლიოში,  დაავადების ტვირთი ყოველწლიურად 1,5%-ით იზრდება. სავალალოა პროგნოზიც, - 2030 წლისათვის  შორსწასული მკერდის კიბოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობა გლობალურად 43%-ით გაიზრდება. ამის განმაპირობებელი ფაქტორები მრავალია, თუმცა კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა დაავადების ნაადრევ გამოვლენაში არსებული ხარვეზები, ექიმთა მომზადების არასათანადო დონე შორსწასული მკერდის კიბოს დიაგნოსტიკა-მკურნალობის საკითხებში და მას-მედიის ნაკლები ინტერესი პრობლემისადმი. ასევე ხაზი გაესვა ქვეყნების ჯანდაცვის სტრატეგიის გადახედვის აუცილებლობას ახალი გამოწვევების დასაძლევად. თემატიკის  აქტუალობიდან გამომდინარე კონფერენცია წარმომადგენლობითი იყო. მას ესწრებოდნენ  უამრავი ცნობილი საერთაშორისო ექსპერტი, წამყვანი კლინიცისტები, საშუალო სამედიცინო პერსონალი,  ავადმყოფები და  სამედიცინო და ფარმაცევტული მრეწველობის წარმომადგენლები მსოფლიოს 80-მდე ქვეყნიდან.  კონფერენციას ამბიციური სტრატეგიული მიზანი აქვს  - გააუმჯობესოს შორსწასული მკერდის კიბოს გამოსავალი და ამ მიზნის მისაღწევად შეიმუშაოს  თანამდეროვე სამედიცინო მიღწევებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული საერთაშორისო შეთანხმებითი გაიდლიანები. ეს ახალი სახელმძღვანელო დოკუმენტი  ონკოლოგიის ევროპული სკოლის და სამედიცინო ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების მიერ არის მოწოდებული და მისი აქტიური განხილვა საჯაროდ მიმდინარეობს კონფერენციის დასკვნით სხდომაზე.  შეთანხმებული საერთაშორისო გაიდლაინები გამოყენებული უნდა იყოს მსოფლიოს ქვეყნებში შესაბამისი ადაფტაციით სამედიცინო მომსახურების დონეებისა და ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე. ქალბატონმა ნანული ნინაშვილმა თავის ონკოლოგ კოლეგებთან ერთად კონფერენციაზე წარადგინა მოხსნება შორსწასული მკერდის კიბოს  ეპიდემიოლოგიური თავისებურებებისა და ქრონიკული ტკივილის მართვის პრობლემების შესახებ.  კონფერენციის მასალები და მოხსენებები დაიბეჭდა იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/Events/2016-02-01.jpg
01/02/2016 11:13

სამოგზაურო გრანტი - დავით გიგინეიშვილი

იაპონიის ეპილეფსიის საზოგადოების წლიური კონფერენციის ფარგლებში (Japan Epilepsy Society 49 th annual meeting), რომელიც ტარდებოდა 2015 წლის 30–31 ოქტომბერს ეპილეფსიასთან მებრძოლი საერთაშორისო ლიგის ნეიროფსიქიატრიის კომისიის (Neuropsychiatry Committee of the International League against Epilepsy) ინიციატივით, დაიგეგმა ერთობლივი კონფერენცია, რომელიც ფსიქოგენური არაეპილეფსიური შეტევების ირგვლივ არსებულ პრობლემატიკას ეძღვნებოდა. სხდომა უნდა შემდგარიყო 29 ოქტომბერს და იმ დღის ღონისძიებას შემდეგი სახელი მიეცა: ‘ფსიქოგენური არაეპილეფსიური შეტევების პრობლემატიკა დედამიწაზე: მოდით მეტი გავიგოთ ამ დავიწყებულ აშლილობაზე და ვნახოთ რითი შეიძლება ჩვენ იგი დავძლიოთ’( “PNES around the world: let’s learn more about this neglected disorder and see how we might help. A joint meeting of the ILAE and the Japan Epilepsy Society ).  კონფერენციის ამ დღისათვის ნეიროფსიქიატრიის კომისიის თავჯდომარემ, პროფესორმა კოუსუკე კანემოტომ აიჩის სამედიცინო უნივერსიტეტიდან (აიჩი, ნაგოია, იაპონია) დაპატიჟა ამ საკითხზე მომუშავე სპეციალისტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აშშ–დან, დიდ ბრიტანეთიდან, იაპონიიდან, კორეიდან, ჩინეთიდან და აფრიკიდან მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად საქართველოდან დაპატიჟეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნევროლოგიისა და ნეიროქირუგიის დეპარტამენტის პროფესორი დავით გიგინეიშვილი. აღნიშნულ დაპატიჟებულ მომხსენებლებს უნდა წარემართად აღნიშნული სიმპოზიუმის მთელი დღე, რისთვისაც მათ მიეცათ 20–30 წუთი მოხსენებისათვის. რადგან დავით გიგინეიშვილი არის აღნიშნულ კომისიასთან არსებული ფსიქოგენური არაეპილეფსიური შეტევების სამუშაო ჯგუფის (PNES Task Force) წევრი, მას დაევალა გაეკეთებინა მოხსენება სამუშაო ჯგუფის მიერ ორგანიზებული პროფესიონალების გამოკითხვის შედეგებზე, რომელიც ქართველ ექიმებს შორის განხორციელდა. რადგან ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, რომელმაც კომისიის სამუშაო ჯგუფს წარუდგინა გამოკითვის დაუმუშავებელი შედეგები, ჩვენვე მოგვეცა უფლება პირველს წარგვედგინა ჩვენში განხორციელებული გამოკითვის შედეგების ანალიზი, მაგრამ კონფერეციამ ცხადია მოიცვა არაეპილეფსიური ფსიქოგენური შეტევების (ფაშ) მრავალი ასპექტი. პირველ რიგში ამერიკელმა მომხსენებელმა (კურტ ლაფრანსმა ) ჩამოაყალიბა ფაშ–ის სავარაუდო, შესაძლებელი და დადასტურებული დიაგნოზის კრიტერიუმები. ამისათვის მან გამოიყენა თანამედრომე სამეცნიერო ლიტერატურაში ასახული მონაცემები, რომელიც ფაში–სა და ეპილეფსიის დიფერენციაციის დასახმარებლად გამოდგებოდა. ამ მონაცემთა ანალიზს წარმოადგენდა მისი მოხსენება, სადაც მნიშვნელოვანი წილი მის ადრეული პიბლიკაციებს ეკავა. "რა არის ფაში და როგორ გამოიყურება მისი ბიოფიქოსოციალური მოდელი?" - ამ საკითხებს შეეხო ინგლისელი მომხსენებელი პროფესორი მარკუს როუბერი. მან სათითაოდ განიხილა ამ პატოლოგიის ფსიქოლოგიური, ბიოლოგიური და სოციალური საწყისები. მისი ჰიპოტესზის დასამტკიცებლად მან მოიყვანა კვლევების შედეგები, რომლებიც აშუქებდნენ ამ ცალკეულ კომპონენტებს. ამ შედეგების საფუძველზე მომხსენებელმა გაამაგრა თვალსაზრისი, რომ ფაში წარმოადგენს განვითარების დარღვევას, რომელიც განიცდის ფსიქოლოგიური (ადრეული უარყოფითი გამოცდილება,  მორგების წარუმატებელი პროფილი, ემოციების დამუშავების პრობლემა, არიდების მანერა, გვიანი უარყოფითი გამოცდილება),  სოციალური (დაახლოებული/დამოკიდებული ურთიერთობა და დისტრესი) და ბიოლოგიური (კომორბიდობა, ტვინის ანატომიური და ფუნქციური დარღვევები) ფაქტორების გავლენას. თავის საბოლოო მოდელში ავტორმა გამოყო ფაქტორები, რომლებიც განაწყობენ, აჩქარებენ და ხანგრძლივად ამყარებენ ფაშს.  შემდეგი მოხსენება წარადგინა მასპინძელმა – იაპონურმა მხარემ. ვიდეო მასალის მეშვეობით კონკრეტული კლინიკური შემთხვევების განხილვა მოეწყო. მათი ამოცანა იყო მაყურებლისათვის ეჩვენებინა, რამდენად განსხვავებულია ფაშ–ის კლინიკური გამოვლენა და მაშასადამე დიაგნოსტიკური სირთულე – მარტივი შემთხვევების გარდა მოსალოდნელია ძნელად გასარკვევი შემთხვევებიც. მოხსენებამ გამოიწვია მწვავე დებატები, მასში ქართულმა მხარემ მიიღო მონაწილეობა და გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ზოგჯერ მარტივი ოჯახურ ვიდეოსაც კი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დიაგნოზის დასმის პროცესში, და საპირისპიროდ – ოქროს სტანდარტად აღიარებული ვიდეო–ეეგ მონიტორინგიც კი უძლურია ზოგიერთ შემთხვევებში ზუსტად განასხვავოს ეპილეფსიური და არაეპილეფსიური სეტევები. ამიტომაც რაიმე პოსტულირება საჭიროებს გამონაკლისების ხსენებასაც. შოტლანდიელმა რონ დანკამმა ლაკონური და შთამბეჭდავი მოხსენება გააკეთა ფაშ–ის ეპიდემიოლოგიის ირგვლივ. არც თუ ბევრი კვლევა მოხვდა მისი ყურადღების ქვეშ – იქიდან პოპულაციური სულ ცოტა. ამიტომაც შედეგებიც იყო ოდნავ განსხვავებული – მაგრამ უთუოდ ეპილეფსიის ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელზე დაბალი. შემდეგ იაპონურმა მხარემ მთელი კასკადი მოხსენებების მტელი კასკადი წარადგინა. საინტერესო აღმოჩნდა მკურნალობის  ის მიდგომა, როდესაც გარე სოციალურ ფაქტორების ცვლილებით ვიღებდით პიროვნების მდგომარეობის გაუმჯობესებას და მაშასადამე ფაშ–ის კონტროლს ან კიდევაც კუპირებას. აქ იაპონელებმა საკუთარი კლინიკური მასალის ანალიზი წარადგინეს. ასევე იშვიათი მასალა წარადგინეს ფას–ზე პაციენტებში ინტელექტულაური დაქვეითებით აიჩის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა. ძალზე საინტერესო აღმოჩნდა კორეელი სპეციალისტის სუნგ პა პარკის მოხსენება, რომელმაც სრული ლიტერალურული განხილვა მოაწყო, სადაც ყურადღების ჩვეშ მოექცა ფსიქიატრიული დიაგნოზები და კომორბიდობა პაციენტებში ფაში–ით. მოხსენება ინფორმაციულად ძალზედ დატვირთული იყო და ბრწყინვალედ ასახავდე თანამედროვე შედგებს ფას–ის ამ საკითხში. შესვენების შემდეგ სიტყვა უკვე დაეთმო მომხსენებლებს, რომლებიც მათ ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ფაში–ის მქონე პაციენტებზე ამახვილებდნენ ყურადღებას. შთამბეჭდავი იყო ჩინეთის წარმომადგენლის მოხსენება (დონგ ძოუ), რომელმაც თავის ქვეყანაში არსებული ტექნიკური მიღწევები და სამედიცინო მომსახურების ამჟამინდელი დონე წარმოადგინა. საწინარმდეგო აღმოჩნდა მდგომარეობა ზამბიაში. ექიმმა რავი პოლმა გაამახვილა ყურადღება პროფესიული კადრების ნაკლებობაზე, მათ გადინებაზე უცხოეთში, იმავდროულად ტექნიკური საშუალებების ნაკლებობაზე. მეორეს მხრივ ახალგაზრდა ფსიქოლოგების დამსახურებით დაინერგა კოგნიტურ–ქცევითი თერაპია, მაგრამ მომსახურება ფასიანი და ხშირად მიუწვდომელია სამედიცინო რგოლების გახლეჩვის გამო. შემდგომი მოხსენება უკვე ჩვენ გვერგო.  მოხსენება ასახავდა 41 ექიმის გამოკითხვის შედეგებს, რომელიც მიზნად ისახავდა გაგვერკვია ექიმების ინფორმირება და  სამედიცინო ქსელისა და სტანდარტების სხვა საკითხები, რომელიც აისახა კითხვარში და რაც პაციენტს ფაშ–ის მიმართ ეხება. შედეგებმა აჩვენა რამდენიმე საინტერესო ტენდენცია. პირველი არის ის, რომ ცოდნისა და ტექნიკური აღჭურვილობის შეიარაღების მიუხედავად არამედიკამენტური თერაპია არ არის ფეხმოკიდებული საქართველოში. ასევე პაციენტებს ფაშით, როგორც ზოგადად პაროქსიზმების მქონე პაციენტების სადაზღვეო პოლისი არ შეიცავს რაიმე მნიშვნელოვან თანაგადახდას, რაც ჩვენის აზრით ამ დარგის განვითარებას აბრკოლებს და აქვეითებს სამედიცინო სერვისის ხარისხს, ამ ტიპის პაციენტების მიმართ. აღნიშნული პრობლემები ნათლად მიუთითებს ჯანდაცვის სისტემის შემდგომ ნაბიჯებისა და ძალისხმევის ვექტორზე.  მოხსენებამ გამოიწვია კითხვები: ნაწილი ეხებოდა ფსიქოლოგიური სამსახურის განცალკევებას კლინიკებისაგან, მეორე – საყოელთაო დაზღვევის იმ მინიმალური პაკეტის არსებობაზე, რომელიც ეხება პაციენტებს განმეორებითი შეტევებით. ბოლო გამომსვლელმა დიდი ბრიტანეთიდან მაიკლ კერმა სცადა მედიცინის მომავალი  მიმართულებანი, კერძოდ ინდივიდზე ორიენტირებული სამ.დახმარება და ბიოლოგიური ინფორმაცია მოარგოს პაციენტებს ფაშით. ამ მიმართულებით მომხსენებელმა პარალელი გაავლო ეპილეფსიის ზოგიერთ სინდრომისათვის გამოვლენილ ბიომარკერებს. მეორეს მხრივ მან აღნიშნა თუ რომელი სამედიცინო რგოლი იქნება პასუხისმგებელი პაციენტებზე ფაშით. და ამასთან დაკავშირებით დასვა საკითხი თუ სად არის  ფსიქიკური ჯანმრთელობის წარმომადგენლის როლი. ასევე მან ისურვა მოიმატოს პაციენტის იმფორმირებულობა მისთვის განკუთვნილი ლიტერალურტის არსებობისა და ამ წყაროების მისაწვდომობის ხარჯზე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/06.JPG
26/01/2016 14:30

ლაშა ასანიძის გამოფენა - „იდუმალი მიწისქვეშა სამყარო“

25 იანვარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფოტოგამოფენა „იდუმალი მიწისქვეშა სამყარო“. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თსუ დო ქტორანტის, გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერის ლაშა ასანიძის მიერ სხვადასხვა მღვიმეებში გადაღებული სურათები. ავტორის განცხადებით გამოფენის მიზანი იყო, სპელეოლოგიური მეცნიერების პოპულარიზაცია და ვიზუალიზაცია.  საგამოფენო დარბაზში წარმოდგერნილი იყო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასახვა ქვეყნის მღვიმური სისტემების: მურადი, პრომეთე, კარლსბადი, სონორა, ლეჩუგია, კასტელანა და სხვ. ფოტოსურათები. მათ შორის აღსანიშნავია თსუ სპელეოლოგების მიერ შესწავლილი მურადის მღვიმეში (ნაქერალას უღელტეხილი) არსებული უიშვიათესი ნაღვენთი (სფერული) ფორმების - სტალაქტიტების ფოტოები. ავტორმა ფოტოკოლექცია სხვადასახვა წლებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ფარგლებში შექმნა. ფოტოგამოფენა თსუ-ის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში 30 იანვრამდე გაგრძელდება.
სრულად